25 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის, ემზარ კვიციანის, საკანომდებლო ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და წარმოდგენილ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, ორგანიზაციების, ღვთისმსახურების ან მორწმუნეების მიმართ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით უნდა ისჯებოდეს.

ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე რელიგიურ სიწმინდეებს ან რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს დააზიანებს, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს.

კანონპროექტში არ არის გაწერილი, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

კანონპროექტში გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ სასულიერო პირები.

ემზარ კვიციანის თქმით, მეუფე სპირიდონს მიაჩნია, რომ ქადაგების დროს გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებები დასჯადი არ იქნება.

„დამირეკა მეუფე სპირიდონმა, ზემო აჭარის მიტროპოლიტმა და გვქონდა საუბარი. აქვს შენიშვნები, რომელიც იქნება გათვალისწინებული. ეს არ უნდა ეხებოდეს ქადაგებისას რას იტყვის მამაო, ან სხვა რელიგიის წარმოდგეენლი. ქადაგებისასა არის ოპონირება ერთმანეთში, თუნდაც, მუსულმანებსა თუ ქრისტიანებს შორის, თუ ქრისტიანებში, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის და ეს არ უნდა ითვლებოდეს შეურაცხყოფად. ეს არის ჩვეულებრივი, ქადაგების დროს, როდესაც ქადაგებს მამაოს, ეს არ არის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა არის, როდესაც ჩვენს წმინდანებს, მეფეებს, უწმინდესსა და უნეტარესს როდესაც ლანძღავენ,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემაც გააკეთა.

„განსაკუთრებით აღმაშფოთა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, რბილად რომ ვთქვათ, არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი იყო, მეც ვიზიარებ ამ აღშფოთებას და მათ ვუერთდები. მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით დარეგულირება უნდა მოხდეს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები