20 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
"დანით მჭრიდა, ამოიღე ფული და 20 ათასი მომეციო" - ყაჩაღობა კასპის რაიონში

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში დაყაჩაღებული და ნაწამები ალიოღლების ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ დასრულდა დაზარალებულებიდან ერთ-ერთის, ვალიოზა ალიოღლის, დაკითხვა და მან პოლიციის განყოფილება დატოვა. კასპის პოლიციაში რჩებიან მისი მეუღლე და შვილი.

სავარაუდოდ, ისინი დაასახელებენ იმ პირთა ვინაობასაც, რომლებიც შესაძლოა, ყაჩაღობაში მონაწილეობდნენ. დაზარალებულებს ეჭვი ერთ პირზე აქვთ, რომელიც წლების განმავლობაში მათთან მუშაობდა.

დაზარალებული ვალიოზა ალიოღლი კი ამბობს, რომ თავდამსხმელები მას კონკრეტულ თანხას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.

„მასკა“ ჰქონდა გაკეთებული ვერ ვიცანი, სახლში შემოვიდა ორი ავტომატიანი, ერთი თოფიანი. შემოვიდნენ ფული მომეციო. დანით მჭრიდა, რომ ამოიღე ფულიო და 20 ათასი მომეციო. პოლიცია მეუბნება, რომ ჯერ ვეძებო,“ - ამბობს ალიოღლი.

სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. სახლიდან ამოღებულია ყველა ნივთმტკიცება, რომელიც მათ დანაშაულის გახსნაში შესაძლოა, დაეხმაროს.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ყაჩაღებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლში დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა ინახებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები