20 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
„დაწექი, თქვენი დედა...“ - დაზარალებულები კასპში მომხდარი ყაჩაღობის დეტალებს იხსენებენ

ყაჩაღობა კასპში - ალიოღლების ოჯახს ავტომატებითა და დანებით შეიარაღებული 3 ნიღბიანი ღამის 11 საათზე თავს დაესხა. დამნაშავეები მოხუც ცოლ-ქმარსა და მათ ორსულ 18 წლის შვილს მოკვლით დაემუქრნენ.

შემთხვევა კასპის რაიონში, სოფელ ფერმაში, მოხდა. თავდამსხმელები ვარაუდობდნენ, რომ ოჯახის წევრები სახლში თანხას ინახავდნენ და მისი გამოძალვისთვის ოჯახის ორი წევრი სკამზე დააბეს და ისე აწამეს.

ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის დიასახლისსაც. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები სახეზე მიაყენეს.

დაკითხვისას ოჯახმა სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო. მათი ინფორმაციით, სასტიკ ყაჩაღობაში დამნაშავეები მათივე თანასოფლელები არიან.

სამმა ნიღბიანმა თანხისა და ძვირფასეულობის ძებნაში ალიოღლების სახლში ყველა ნივთი გაანადგურა. დააზიანეს ოჯახის ავტომობილიც, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა დალუქეს.

სოფელში ფიქრობენ, რომ პოლიცია დამნაშავეებს ხელს აფარებს და ეს სასტიკი დანაშაულიც გაუხსნელი დარჩება.

კურიერის ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველებს უკვე დაუსახელეს ის პირი, რომელიც დანაშაულის ორგანიზატორი იყო. თუმცა, ჯერჯერობით, მისი დაკავება ვერ მოხერხდა. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები