20 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი - კვიციანი საერთაშორისო თანამეგობრობას უპირისპირდება

"როგორც რუსეთი აკეთებდა ყოველთვის, იგივეს აკეთებენ ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ჩვენ ჩვენი კანონები არ მივიღოთ და არ მიგვაღებინონ," - ეს განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე გააკეთა. 

ემზარ კვიციანი საერთაშორისო თანამეგობრობას უპირისპირდება და ამბობს, რომ სანქციების მიღებას, ხელს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები უშლიან.

„ჟურნალისტების, არასამთავრობოების მეშვეობით, ისევ ქართველების ხელით, როგორც რუსეთი აკეთებდა ყოველთვის, იგივეს აკეთებენ ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ჩვენ ჩვენი კანონები არ მივიღოთ და არ მიგვაღებინონ. ერთმანეთში ურევენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას და ცილისწამებას. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ გვმართონ როგორც მათ უნდათ ისე. ცეცხლი გადმოდის მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქზე, ეს არის ერთადერთი ნიშანი, რომელსაც ვერაფერი ამოხსნა ვერ უპოვეს ჩვენმა მტრებმა,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. პარლამენტის თავმჯდომარე განხილვებში ჩართვაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

„მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ პლენარულ ფორმატში განვიხილავთ ამ საკითხს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი მოითხოვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.

დღის ამბები