19 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
„ბორტზე ცუდად მყოფს პირველადი დახმარება ვერ აღმოუჩინეს“ - თვითმფრინავში გარდაცვლილის ოჯახი „პეგასუსს“ ადანაშაულებს

თვითმფრინავში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და კომპანია „პეგასუსს“ ადანაშაულებს. 28 წლის მურაზ ხუდოევი დილის 5 საათზე თვითმფრინავის დაძვრისთანავე შეუძლოდ გახდა და დაახლოებით, 10 წუთში გარდაიცვალა.

დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, ბორტზე ცუდად მყოფს პირველადი დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რაც საბოლოოდ ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. გარდაცვლილის დებმა მგზავრების ნაამბობით იციან, რომ რეისის გაფრენა, თითქმის, ნახევარი საათით დაგვიანდა და ბორტზე ჟანგბადის ნაკლებობა იყო.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მურაზ ხუდოევი უყურადღებობასა და მომსახურე პერსონალის არაკვალიფიციურობას ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ მისულ მედიკოსებს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. მურაზ ხუდოევის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ახალგაზრდა სიკვდილს გადაურჩებოდა.

გამოძიება კი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა 28 წლის ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის მიზეზი.

ბრალდებების ადრესატ კომპანია „პეგასუსს“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს. მისი სავაჭრო აგენტი, კომპანია „გასაა“. ორგანიზაციის მენეჯერი ამბობს, რომ „პეგასუსის“ ხელმძღვანელობა კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

 

დღის ამბები