18 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
შუალედური არჩევნები დასრულებულია - ვანისა და ხონის მოსახლეობამ მაჟორიტარი აირჩია

შუალედური არჩევნები დასრულებულია. ვანისა და ხონის მოსახლეობამ მაჟორიტარი აირჩია.

ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს და არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე ამბობს, რომ ყველა კანდიდატი დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა.

"ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა და დასრულდა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით ჭიჭინაძის მთავარი კონკურენტი ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავა იყო.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას ევროპულ საქართველოში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ხმებს აუცილებლად დაიცავენ.

„ან ძალიან ღელავს და ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებებს აძლევს კომისიებს, საიდან უნდა იცოდეს პროცენტები,  როცა უბნები რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. ჩვენ გვაქვს წარმატების სრული საფუძველი, მაგრამ დაველოდებით ხმების დათვლას, ხმებს დავიცავთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დილიდან უგულავა ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნება გამარჯვებისთვის წესების გარეშე იბრძოდა და ჯერ ღამით მისი საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს, დილით კი საარჩევნო ბილბორდებიდან უგულავას ფოტო ჩამოჭრეს.

ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. 

საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვანისა და ხონის საოლქო სარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და ის 57%-ს შეადგენდა.

 

 

დღის ამბები