23 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
„ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“ - სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის მნიშვნელობაზე საუბრობენ

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - მიხეილ სააკაშვილთან ამსტერდამში გამართული კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებას ისინი ერთიანი კანდიდატით დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარის თქმით ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი შანსი, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.

„აბსოლუტური შეთანხმებაა დღეს საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. შესაცვლელი ხელისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა გამოჩნდეს პოლიტიკაში. ადამიანები, რომლებიც სრულად აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ან თამაშობს ხელისუფლების თამაშს და გათითოკაცებული მიდის ამ ბრძოლაში ან იღებს საერთო პროცესში მონაწილეობას,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ ამ პროცესში მთავარია ლიდერებმა ურთიერთბრალდებებისგან თავი შეიკავონ. საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებლის განცხადებით ამ შეთანხმებას მხარეებმა შეხვედრაზე მიაღწიეს.

„შევთანხმდით ურთიერთთავდაუსხმელობაზე და ეს ეხება ყველა ოპოზიციურ ძალას. არა მარტო მათ ვინც იქ ვართ. ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ერთმანეთში ქიშპობა დავიწყოთ. ხელისუფლებაში მოსასვლელად ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ლეგიტიმურ გზას. ეს ერთი უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. ეს არის ხალხის არჩევანი. ყველა ხმა ჩვენ უნდა დავიცვათ,“-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე კი საზოგადოების დაკვეთაზე საუბრობს და ამბობს, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ერთიანი ძალებით შეცვალოს ხელისუფლება.

„ეს ყველაფერი მივა საბოლოო ჯამში იქამდე, რომ ჩვენ შევიმუშაოთ მექანიზმები, ჩვენ შევიმუშაოთ კრიტერიუმები, კონკრეტული მკაფიო კრიტერიუმები და მექანიზმები, დემოკრატიული წესი საპრეზიდენტო კანდიდატის გამორჩევისა და ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვიდეთ ერთი კანდიდატით. ეს არის საზოგადოების დაკვეთაც,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ამ ეტაპზე საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად განიხილება პრაიმერი. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. ღია პლადფორმა-ასე ჰქვია რამდენიმე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას. 

დღის ამბები