16 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"სკეპტიკურად ვუყურებ სააკაშვილის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდაციას"-დავით ზურაბიშვილი

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ჯერჯერობით საერთო კანდიდატის ირგვლივ სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ გეგმავს. მათ შორის არის ”ევროპული საქართველოც.“ ოთარ კახიძის თქმით, პარტიას აქვს საკუთარი ხედვა, რომელსაც ის მიჰყვება.

„ამ გაერთიანებაში გაერთიანებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც გულისხმობს საარჩევნო მარათონში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ჩვენი კოლეგები ჯერჯერობით საკმაოდ წინააღმდეგობრივ გზავნილებს ახმოვანებენ. ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოუცხადეს მაგალითად იმ არჩევნებს, რომელზეც „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად მარტო იყო ხელისუფლების პირისპირ. ბოიკოტით, არჩევნების როლის ნიველირებით ჩვენ შორს ვერ წავალთ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციურ პარტიებთან  გაერთიანებას არ აპირებენ  ”თავისუფალი დემოკრატებიც.“ ნინო გოგუაძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, პარტია მზად არის საერთო კანდიდატთან მიმართებაში კონსულტაციებში ჩაერთოს.

„არავითარ კოალიციაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა თუ მოხერხდება შეთანხმება საერთო კანდიდატურაზე ჩვენ რა თქმა უნდა ამის თაობაზე კონსულტაციებში ყველასთან მივიღებთ მონაწილეობას,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ კი არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.  დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტული არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებსაც აქვს ბუნებრივია გარკვეული მნიშვნელობა. მაგრა რა პოზიცია გვექნება ჩვენ, კონკრეტულად  რომელ კანდიდატს დავიჭერთ მხარს, ან ჩვენ თვითონ გვეყოლება თუ არა ჩვენი კანდიდატი, ამაზე ჯერჯერობით არ ვართ ჩვენ ჩამოყალიბებული, მიდის მსჯელობა. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მიხეილ სააკაშვილის ფიგურის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდაციას. ეს პრინციპში ვფიქრობ ვერ მოხდება,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ამ ეტაპზე საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად განიხილება პრაიმერი, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. "ღია პლატფორმა"- ასე ჰქვია რამდენიმე ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები