20 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
„სულით ხორცამდე მეზიზღებით!“ - სტვენა და ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეპუტატებსა და „თანასწორობის მოძრაობას“ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მოძრაობის წევრები სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კომიტეტის დღის წესრიგში ჩანიშნული ღონისძიება, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი კილაძემ თვითნებურად ჩაშალა და ლგბტ თემისთვის ახსნა განმარტებები არ მიუცია.

„არის თუ არა ადამიანის უფლებების სფეროს ნაწილი ლგბტ თემის უფლებების დაცვა და არის თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი მათი უფლებები. თვლით, რომ უმნიშვნელოა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე? უბრალოდ თქვენი ნებაა და არ აღნიშნავთ? იქნებ აგვიხსნათ რა არის ამის მიზეზი ? - იქნებ ის, რომ აღარ იჩაგრებიან ეს ადამიანები“-მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს მოძრაობის წევრმა ანა სუბელიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, მისთვის უზენაესია კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. კილაძემ მოძრაობის წევრების კითხვებს და განცხადებებს ბელეტრისტიკა უწოდა.

დავით მათიკაშვილმა კი მოძრაობის წევრებს ჰკითხა, რას ნიშნავდა პლაკატზე დაწერილი სიტყვა „დაკიდება“. მოძრაობის წევრებმა უპასუხეს, რომ ეს მათი მხრიდან ადამიანის უფლებების იგნორირებას ნიშნავდა.

სხდომა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო ხმაურის, სტვენისა და დაპირისპირების გამო შეწყდა და შესვენება გამოცხადდა.

სხდომას ლგბტ თემის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები და სახალხო დამცველი ესწრებოდა.

დეპუტატებს ლგბტ თემის წარმომადგენელმაც მიმართა. მისი თქმით, ის მშობლიურ სოფელში განსხვავებული ორიენტაციის გამო ვერ ჩადის, რადგან საზოგადოებაში არსებული სიძულვილის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, რის მთავარ მიზეზადაც ლგბტ თემის წევრი სწორედ დეპუტატების მხრიდან ადამიანის უფლებების იგნორირებას ასახელებს.

„თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ამას. ეს არის ცინიზმი..თქვენ ხართ ჰეტეროსექსუალი ადამიანები ,რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე მეზიზღებით“- მიმართა კომიტეტის წევრებს ლგბტ თემის წარმომადგენელმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღის ამბები