18 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია - გამოძიება ტყის განზრახ დაწვის ვერსიაზე მუშაობს

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია. გამოძიება ტყის განზრახ დაწვის ვერსიაზე მუშაობს. კრიმინალისტები ამ დრომდე სოფელ საკირეში რჩებიან.

ცეცხლი ბორჯომის ტყეში ბოლო 24 საათის განმავლობაში მძვინვარებდა. მიუვალ ადგილას 60-მდე მეხანძრემ მუშაობა ღამითვე დაიწყო. სპეცტექნიკით მიუვალ ადგილას გზები და ბილიკები გაჭრეს.

გამოძიების დასრულებამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ფაქტორი დაასახელა.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ორი ჰექტარი ტყე განზარახ დაწვეს. სოფელი საკირეს მიმდებარედ უკვე რამდენიმე წელია, ხე-ტყის უკანონო ჩეხვა მიმდინარეობს, ამ ბიზნესს კი მფარველები ხელისუფლებაში ჰყავს.

ის, რომ საკირეს ტყეში ხანძარი ადამიანის გაჩენილია, დარწმუნებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი, თორნიკე გვაზავა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ადგილობრივ მოსახლეობას უჭირს. ისინი ადასტურებენ, რომ ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მართლაც მიუვალია.

ამ დრომდე გამოუძიებელია 2017 წლის ბორჯომის ტყის ზაფხულის ხანძარი. ივლისსა და აგვისტოში ათობით ჰექტარი ტერიტორია დაიფერფლა. მაშინ ტყეში საეჭვო ავზები აღმოაჩინეს, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ვინ მიიტანა და რა მიზნით ავზები ხანძრის ეპიცენტრში.

 

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები