20 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
ვარდების რევოლუციის მოედანი - ოპოზიცია სახელწოდების შესაძლო ცვლილებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს

ვარდების რევოლუციის მოედნის სახელწოდების შესაძლო ცვლილების შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ.  

თინათინ ნიბლოშვილი ცვლილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ მოედნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას სახელწოდება უნდა შეეცვალოს.

მისი განცხადებით, სახელწოდების ცვლილება არ უკავშირდება პოლიტიკურ კონტექსტს.

„პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, თარიღის მნიშვნელობიდან, ფაქტის მნიშვნელობიდან, 1918-21 წლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მიგვაჩნია, რომ ქალაქში, ერთ-ერთ მთავარ ისტორიული მნიშვნელობის მოედანს, ნამდვილად უნდა ერქვას ამ ისტორიული თარიღის სახელწოდებამ,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ვარდების რევოლუცია ქართველი ხალხის მონაპოვარი იყო.

„ეს იყო დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა კორუფციაზე, კრიმინალზე, ნეპოტიზმზე, იმ ჭაობზე, რომელიც სუფევდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, შესაბამისად, მათ არანაირი ეროვნული მოტივები არ ამოძრავებთ,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ.

„ეს არის ძალიან იაფფასიანი სვლა, ეს არის ძალიან იაფფასიანი გულის მოგება მხოლოდ თავის, საკუთარი ძალიან ერთგული მხარდამჭერებისა და სრული უგულებელყოფა იმ ნებისა და თავისუფლების ნების გამოხატულებისა, რაც მთელ საქართველოს ახსოვს,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

პროცედურის მიხედვით, საკითხის ინიცირებიდან, დაახლოებთ 20 დღეში უნდა გაიმართოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საჯარო სხდომა. ამის შემდეგ, საკითხი უკვე საკრებულოს სხდომაზე გადაინაცვლებს და მას კენჭს უყრიან.  

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები