23 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
დაპირისპირება გორის სტადიონზე - მომხდარი ჩხუბის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი 8 მაისს იმსჯელებს

მასობრივი არეულობის შედეგად, გორში მდებარე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ინფრასტრუქტურა განადგურდა. გულშემატკივრები ერთმანეთს სკამებს, ქვებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.

არეულობა შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, "დილას" ფეხბურთელი მიკოლა კოვტალიუკი მეტოქეს უხეშად ეთამაშა, რაზეც დინამოელებმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. კოვტალიუკის უარყოფით პასუხის შემდეგ მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

დაპირისპირების განმუხტვა მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გორში მომხდარ ინციდენტზე 8 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. მკაცრი სანქციები, სავარაუდოდ, ორივე გუნდს შეეხება. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განცხადებით სადისციპლინო კომიტეტი მომხდარ ფაქტს დეტალურად შეისწავლის. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია და გუნდების მიმართ ფინანსური სანქციები. 

დღის ამბები