19 ნოემბერი 2019,   01:28
ვრცლად
თაღლითობა მერიაში და 5 დაკავებული - თბილისის მერიაში პირველი კომენტარი გაკეთდა

თაღლითობა მერიაში და 5 დაკავებული - მერიის თანამშრომელთა საქმეზე, რომელთაც გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, პირველი კომენტარი გაკეთდა მერიაში.

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კორუფცია კახა კალაძის გუნდისთვის მიუღებელია.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული.

„ერთი რამ არის ძალიან ცუდი, რომ ყველამ ვერ გაიგო ის, რომ არ შეიძლება კორუფცია და კანონის დარღვევა, ჩვენ როდესაც მოვედით მერიაში, მაშინვე ვთქვით, რომ ასეთი ფაქტები ჩვენთვის იქნება შეურიგებელი და მუდმივად ვებრძვით ასეთ ფაქტებს,“ - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერიის სამ თანამშრომელს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება დავით ნარმანიას მერობის პერიოდს. ამავე საქმეზე დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორ ხელმძღვანელს წარედგინათ ბრალი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად 180 ათასი ლარი გამოყო, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ბავშვები კურორტზე არ წაიყვანა, დოკუმენტები გააყალბა და ფული მიითვისა.

მერიის თანამშრომლებმა არ გადაამოწმეს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არც მომსახურების მიმღებ პირთა ვინაობა.

შშმ ბავშვის მშობელი, ქეთევან ხურგუნაშვილი ვარაუდობს, რომ მერიაში ბავშვების დასვენებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისეს. მან ასევე, გაიხსენა ის შემთხვევა, როდესაც მერიაში დარეკა ბავშვის დასასვენებლად წასაყვან ვაუჩერთან დაკავშირებით, სადაც უპასუხეს, რომ მას უკვე დაუკავშირდნენ და თავად არ მივიდა ვაუჩერის წასაღებად.

დღის ამბები