19 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
რუსული პროპაგანდისა და იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა - მესამე სექტორი "ევროპულ საქართველოსთან" ერთად საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე „ევროპული საქართველო" არასამთავრობო სექტორთან ერთად მუშაობს. პარტია კონკრეტულ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა, არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ საკითხი საფუძვლიან მსჯელობას საჭიროებს, პროექტის დახვეწის შემდეგ კი მთავარია საქართველოს მთავრობა იყოს ადეკვატური და კანონპროექტის მისაღებად პოლიტიკური ნება გამოხატოს.

„პოლიტიკური ნება უნდა გამოხატონ ერთ მთავარ საკითხზე, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მთავარი საფრთხე არის  რუსეთი შესაბამისად, რუსეთის მხრიდან წამოსული ნებისმიერი ფინანსური არხი ავტომატურად შეიცავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს და ამიტომ, უნდა მოექცეს დამატებით რეგულირებაში. მხოლოდ მედიაზე არ არის საუბარია, კომპლექსურად ყველა, რუსული ბიზნესი, ტურიზმი, ყველაფერი ეს ფინანსური ნაკადები არის იარაღი რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის,“- აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის თქმით, დემოკრატიას სჭირდება დაცვა, მისი აზრით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ  მიმართულებით პაკეტი საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს, რათა არ დაიკარგოს ის პრინციპი, რის დასაცავადაც ამ მიმართულებით მუშაობა იწყება.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ აუცილებელია ბიუჯეტიდან გასული ყველა ის თეთრი იყოს გამჭვირვალე და კონტროლდებოდეს, რომლითაც მედიასაშუალებები ფინანსდება.

„ინიციატივა კომპლექსურია. ბევრი საკითხია საინტერესო და საკამათო. ვფიქრობ, სადაც არის რუსული სახელმწიფო არხები, რუსული სახელმწიფოს ფული, რომელიც შემოედინება ქვეყანაში აქტუალურია. აუცილებელია ყველა თეთრი ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება მედიაში უნდა იყოს გამჭვირვალე“- აცხადებს ტუღუში.

დღის ამბები