25 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა გაეროს ელჩებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს ელჩებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ხედვაზე, რომელიც აქვს სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.

"გიორგი მარგველაშვილმა გაეროს ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი მოქალაქეების და თანამემამულეების დასაცავად," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ არსებული ვითარება ჰუმანიტარული სამართლის თვალსაზრისით უაღრესად მძიმეა და მას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 

შეხვედრისას ასევე განიხილეს გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტმა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღის ამბები