20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ნარკოტიკების Telegram-ით გასაღება - პროკურატურამ ბრალდებულები პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონოდ გასაღების ფაქტზე გიორგი გოგებაშვილი და ნინო გეგელაშვილი პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ბრალდების მხარემ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები Telegram-ის საშუალებით ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას.

"გ.გ. და ნ.გ. „Telegram”-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას.

ბოლო ორი თვის მანძილზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით,“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები