20 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
ეკონომიკური პრობლემები იყო ერთადერთი არაპოლიტიკური თემა, რომელზეც დღეს ივანიშვილმა ისაუბრა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გამოსვლის დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ეკონომიკური პრობლემები იყო ერთადერთი არაპოლიტიკური თემა, რომელზეც დღეს ივანიშვილმა ისაუბრა. ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს რადგან, როგორც თავად ამბობს, არ არსებობს მთავრობა, რომელიც 600-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს.

ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლის დროს იმ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, ხალხი ამ დრომდე სიდუხჭირეში ცხოვრობს.

„ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის ხარისხს ჩამოუვარდება, რაც პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის.

„ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ, გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ, ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმოვანა და პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილის გამოსვლიდან დემოკრატიის და ეკონომიკის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული გზავნილი გამოყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, აღიარებენ, რომ გატარებული რეფორმების სიკეთეები ყველა ოჯახმა ვერ იგრძნო.

„თუ ავიღებთ ეკონომიკურ გარკვეულ პარამეტრებს და ნიშნულებს, ვნახავთ, რომ გაუმჯობესებული მდგომარეობა შეიძლება ნამდვილად გვქონდეს, მაგრამ ეს დინამიკა შეიძლება მართლაც არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ გაჭირვებულ ადამიანამდე მივიდეს გატარებული რეფორმები და ამის დაჩქარებას, ამის მეტ დინამიკაში მოყვანას შეუწყობს ხელს მმართველი პარტიის გაძლიერება და გატარებული რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროებს კიდევ უფრო სწრაფ ტემპებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები