23 აგვისტო 2019,   16:10
ვრცლად
„ჩვენ მოვისმინეთ კაი ქართველი მოქეიფე, თბილისელი კაცის სადღეგრძელო"-აქციის ორგანიზატორები პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მუსიკოსი დათა გაბუნია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის იქნება სიტყვის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში. დათა გაბუნია ამბობს, რომ ეს არ იყო ის, რისი მოსმენაც პრემიერისგან სურდათ. მისივე თქმით აქცია არ დაიშლება იქამ, სანამ სასიკეთოდ არ შეიცვლება რამე და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ მოვისმინეთ კაი ქართველი მოქეიფე, თბილისელი კაცის სადღეგრძელო. ეს არ არის ის რასაც აქ ველოდებით, ამდენი ხალხი, რომლებიც ვთხოვთ ერთადერთ რაღაცას. ნუ გვიფათურებთ სულში ხელებს და ნუ გვივარდებით სახლში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა,“-განაცხადა დათა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ მოთხოვნა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არის უცვლელი რადგან ის ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კონტრაქციას, დათა გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფები მართულია ხელისუფლების მხრიდან. მისივე თქმით ამ გზით ხელისუფლება მათ დაშინებას ცდილობს.

დათა გაბუნიას განცხადებით აქციის მონაწილეები 17 და 26 მაისსაც შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და აქციები გაგრძელდება პერმანენტულად სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა პატრულის თანამშრომლებს იმისთვის, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებს არ უშვებენ მათთან ახლოს თუმცა თქვა, რომ სისტემა შიგნიდან იმდენად არის დაზიანებული, რომ ცალკეულ შემთხვევებს მნიშვნელობა ეკარგება.

„ძალიან კარგი ბევრი ადამიანი მუშაობს ამ სტრუქტურაში მაგრამ სამწუხაროდ ამ სტრუქტურას ძალიან ბევრი ადამიანი შიგნიდან აყროლებს და უბრალოდ სხვა სახელის დარქმევას ვეღარ ახერხებს ხალხი და უკვე დაუბრუნდა საქართველოს  საპატრულო პოლიციას ძველი სახელწოდება ძაღლობა. იმიტომ, რომ რაც მოხდა გუშინწინ მარტო ძაღლობა აკეთებდა,“-განაცხადა დათა გაბუნიამ.   

დღის ამბები