24 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნარკოტიკი ადამიანების სიცოცხლეს ზიანს აყენებს და ის ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვისკენ ხელოვან ადამიანებს მოუწოდებს.

"კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე.

ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია.

ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ქვეყანაში, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო ნარკოდისტრიბუტორებს ​ უნდა ებრძოლოს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ რვა ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება, ისინი არიან ასე ვთქვათ ქუჩის დილერები, გამყიდველები, ამ შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები