24 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
ზარალი რამდენიმე ათეული ათასი ლარის ოდენობისაა - კლუბ "ბასიანის" მფლობელი

კლუბ "ბასიანის" მფლობელი ტატო გეთია 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ მიყენებულ ზარალზე საუბრობს.

გეთიას განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად კლუბს ათობით ათასი ლარის ზარალი მიადგა. მისი თქმით, კლუბი ამ დრომდე დალუქულია შესაბამისად უცნობია დაზიანებულია თუ არა აპარატურა. 

პარასკევთან დაკავშირებულ კონკრეტულ ზარალს, ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ოდენობის არის, ვინაიდან, ღონისძიება სრულიად ჩაიშალა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რაც არის აპარატურა და სხვა მსგავსი აღჭურვილობა, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, კლუბი კვლავ დალუქულია და შიგნით არავის არ უშვებენ. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცი იქ ზიანი აქვს თუ არა მიყენებული სხვადასხვა აპარატურას,"-აცხადებს გეთია.

მისივე თქმით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მომხდარის დეტალები არ განუხილავთ, საუბარი მხოლოდ იმ ჯგუფების შექმნას შეეხო, რომელმაც შესაძლო გადაცდომები უნდა შეისწავლოს. 

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ დეტალებზე და არ შევსულვართ შინაარსობრივ საუბარში, ვინაიდან ვთვლით, რომ მაინც სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და ის ჯგუფი, რომელიც შეხვედრებზე იქნება უნდა იყოს ლეგიტიმაციის მქონე მთელი საორგანიზაციო ჯგუფისგან და ხალხისგან, აქედან  გამომდინარე, ჩვენ ასე ვთქვათ ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს და დღევანდელი დღის აჯენდაში იჯდა მხოლოდ იმ პირობის აღება, რომ კვოტებს ჩვენ შევადგენთ, თუ ვინ წავა ამ შეხვედრებზე,“ - განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბ "ბასიანის" მფლობელის ინფორმაციით, ხვალ სამინისტროში დაგეგმილია შეხვედრა, რომელსაც თავად მინისტრიც დაესწრება.  შეხვედრაზე კი უშუალოდ კლუბ „ბასიანში“ და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ღამის კლუბები ისევ დალუქულია. "ბასიანისა" და კაფე "გალერის" მიმდებარე ტერიტორიას ჯერაც სამართალდამცველები აკონტროლებენ.

სპეცოპერაცია დედაქალაქის ორ ყველაზე მსხვილ ღამის კლუბში 12 მაისს ჩატარდა და მას შემდეგ შიდა ტერიტორიას კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები