25 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ძვირი პარკირება - ზუგდიდში მუნიციპალური ავტოსადგომების ბიზნესი დაპირისპირების მიზეზი ხდება

თბილისის შემდეგ მუნიციპალური ავტოსადგომების ბიზნესი დაპირისპირების მიზეზი უკვე ზუგდიდშიც ხდება -ზუგდიდში ავტოსადგომებზე მანქანის გაჩერების ფასი ერთიდან სამ ლარამდე მერყეობს. გააჩნია ადგილს და დგომის ხანგრძლივობას. პარკირება ყველაზე ძვირი ბაზართან და ცენტრალურ ქუჩებზე ღირს.

მაღალი ფასები და ახალი წესები ზუგდიდში მას შემდეგ მოქმედებს, რაც ავტოსადგომების მართვის უფლება პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ მეთაურის დავით შენგელიას ნათლულის, ნიკა შელიას კუთვნილ კომპანია „თაუნ პარკს“ გადაეცა. ფირმამ უკონკურენტო აუქციონში გაიმარჯვა და ავტოსადგომების მართვის უფლება 10 წლით გადაეცა. კომპანიამ მერიას წელიწადში 204 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. კომპანია სალარო აპარატებისა და შემოსავლების აღრიცხვის გარეშე მუშაობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ „თაუნ პარკის“ შემოსავალი ბიუჯეტის ვალდებულებებს დაახლოებით სამჯერ აჭარბებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ეს სამეგრელოს გუბერნატორის ლაშა შონიას და მისი პროტეჟეს დავით შენგელიას ერთ-ერთი ბიზნესია.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კომპანია „თაუნ პარკი“ რამდენიმე თვის წინ გადასახადის დაგვიანების გამო დააჯარიმეს. ჯარიმის ოდენობამ სამი ათასი ლარი შეადგინა. 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები