25 სექტემბერი 2018,   10:10
ვრცლად
საზოგადოებას გააგებინეს, რომ ამ კლუბების უკან ივანიშვილის ოჯახი არ დგას - ირაკლი კიკნაველიძე

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

„ამ რეიდების მიზანი იყო ერთადერთი - საზოგადოებას გააგებინეს, რომ ამ კლუბების უკან ივანიშვილის ოჯახი არ დგას,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, კონტრაქციის მონაწილეები - ფაშისტური ჯგუფები, მრავალი წელია, არსებობენ და ხელისუფლება მათ კი არ სჯის, არამედ ახალისებს.

„ხელისუფლებას აწყობს მათი არსებობა. ვისაუბრეთ, როგორ მოირგეს მომრიგებლის თუ გამშველებლის მანტია. გამოვიდა ისე, რომ ტოლობის ნიშანი დასვეს მოძალადეს და მსხვერპლს შორის,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას.

„მთავრობა ვერ წყვეტს პრობლემას, მე ვიტყოდი, რომ არ წყვეტს პრობლემას იმიტომ, რომ მას ასე აწყობს, რომ იყოს ჭაობი, სადაც ერთ მხარეს არიან რაღაცნაირი ლიბერალები, მეორე მხარეს არიან ფაშისტები და თვითონ ჰქონდეს მორგებული მანტია, რომ როგორ აშველებს ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

დღის ამბები