18 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
სამარცხვინო, დამაზიანებელი - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრთა მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს

"პატრიოტთა ალიანსის" წევრთა მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება მმართველი გუნდი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არაოფიციალური, არამედ მხოლოდ პარტიული ვიზიტია. 

"ჩვენ ესეთ ვიზიტებს ოფიციალურ სტატუსს არ ვანიჭებთ, შესაბამისად ვინ სად წავა და წამოვა ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ოღონდ მათ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა  თითონ აიღონ,"-აცხადებს უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.

ოპოზიციაში კი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების" სატელიტია და მოსკოვში მორიგი ვიზიტით სწორედ მათ შეკვეთას ასრულებენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

"მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთზე უნდა გაიზარდოს წნეხი საერთაშორისო საზოგადოების, მსგავსი ვიზიტი აზიანებს მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებას. ამის აღსაკვეთად არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში პირდაპირ ატარებს რუსეთის ინტერესებს და ყურადღებას ამახვილებენ ამ შეხვედრის გამართვაზე მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის ამბავი მოხდა. 

"განსაკუთრებით არჩილ ტატუნაშვილის ამ სამარცხვინო, რუსეთისთვის სამარცხვინო წამებისა და მკვლელობის შემდეგ, მათი ნაბიჯი გაცილებით უფრო თავხედურად ჩანს,"-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები