12 დეკემბერი 2018,   03:49
ვრცლად
მარგველაშვილი მზადაა პუტინს შეხვდეს - პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ინიციატივაზე პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მარგველაშვილს პუტინთან შეხვედრის სურვილი საზოგადოებრივი კვლევების გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.

გიორგი მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა იმ წინაპირობების შესახებ ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში გამონახავს საერთო ენას ვლადიმერ პუტინთან. მარგველაშვილს მოსწონს ოფიციალური თბილისის პოლიტიკა და ამბობს, რომ პრაგმატული მიდგომები ოკუპანტებთან საუბრის დროს სწორი ნაბიჯია.

საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ამოუხსნელ ამოცანად დარჩა ოპოზიციისთვის. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ამ განცხადებას რუსული მხარე სათავისოდ გამოყენებს, იმის დასტურად, რომ თბილისში ირიბად აღიარებენ აგვისტოს ომის შედეგებს.

რუსეთის ლიდერთან პირისპირ დიალოგი „ევროპული საქართველოს“ წევრებსაც საფრთხის შემცველად მიაჩნიათ. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მძიმე თემებზე საუბარი მოსკოვთან პარტნიორების გარეშე ძალიან რთული იქნება.

მმართველი გუნდი კი პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზულად უყურებს. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ შეხედულებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პრეზიდენტის მზაობას, შეხვდეს და ესაუბროს ვლადიმერ პუტინს დადებითად მიიჩნევენ. „პატრიოტთა ალიანსის“ სამკაციანი დელეგაცია დღეს მოსკოვში გაემგზავრა.

დღის ამბები