20 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
მითვისებული მილიონ ნახევრის საქმე - ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პროკურატურაში დაკითხეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს. გაუჩინარებულ მილიონ-ნახევარზე გამოძიებას კითხვები ბათუმის ყოფილ მერთანაც ჰქონდა. გიორგი ერმაკოვს „კურიერის“ კამერასთან გამოჩენა არ უნდა.

ბათუმის მერიას, სავარაუდოდ, მილიონნახევრით სოციალური პროექტი უნდა განეხორციელებინა და იაფი სახლები აეშენებინა. ადგილი კი, სადაც უკვე 4 საცხოვრებელი კორპუსი უნდა იდგეს, ახლაც ცარიელია.

3 წლის წინ ბათუმის მერიამ აზერბაიჯანულ კომპანიას ავანსის სახით მილიონ 600 ათასზე მეტიც გადაურიცხა, თუმცა მან ვალდებულება არ შეასრულა და არც თანხა დააბრუნა.

ერმაკოვთან ერთად, პროკურატურაში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და სხვა თანამშრომლებიც გამოკითხეს.

სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ ნახევრამდე თანხის გაფლანგვის შესახებ მასალები პროკურატურას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნაში წერია, რომ მერიამ რისკები არ შეაფასა, კომპანიის წარსული არ შეისწავლა და მილიონ-ნახევარი გადარიცხა.

ბათუმის მერიის პროექტ „იაფი სახლის“ ბუნდოვანების შესახებ განცხადებები  აჭარის ოპოზიციაში წლების განმავლობაში კეთდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინიციატივა, რომელშიც ხალხის ფული დაიხარჯა, მაგრამ შედეგი ჯერ არავის უნახავს.

საქმის მასალებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალიც იცნობს. საია-ს იურისტებისთვის გაუგებარია, ვინ დააბრუნებს ბიუჯეტის ფულს, რომელიც უკვე გაფლანგულია.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები