16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
მუქარა კიმ ჩენ ინისგან - სინგაპურის 12 ივნისის ისტორიული შეხვედრა შესაძლოა, ჩაიშალოს

შეერთებულმა შტატებმა ისტორიული სამიტის ჩაშლის მუქარა კიმ ჩენ ინისგან უკვე მიიღო.

ფხენიანმა საგანგებო გზავნილი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაავრცელებინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, თუ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კვლავაც დაჟინებით მოსთხოვს ბირთვული პროგრამის გაუქმებას, კიმ ჩენ ინი სინგაპურში 12 ივნისის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

კიმ ჩენ ინის მუქარისთვის ოფიციალურ ვაშინგტონს არ უპასუხია. სახელმწიფო დეპარტამენტში მხოლოდ ის თქვეს, რომ სინგაპურის სამიტისთვის მზადება გრძელდება, რადგან ჩაშლის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება ფხენიანიდან არ მიუღიათ.

სინგაპურის 12 ივნისის ისტორიული შეხვედრის მოლოდინამდე იყო ასევე ისტორიული შეხვედრა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც პლანეტის ყველაზე დაძაბული ადგილის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.

27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ექსცენტრიული ლიდერი 65 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად სწორედ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა.

ომი დამთავრდა, მაგრამ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ომის დასრულების ჯერ არაფერი ეტყობა. ეს ყველაფერი კარგად სადემარკაციო ხაზთან მისვლამდე და თავად ხაზთან ყველაზე კარგად ჩანს. მავთულხლართები, მავთულხლართებთან ერთად ყოველ 100 მეტრში ბლოკსაგუშაგოები, საომარ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა და სამხედროები, რასაც ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უსაფრთხოების უმკაცრესი ზომები ემატება.

სამხრეთ კორეელები ამბობენ, რომ ომის დასრულებას შედეგი მაშინ ექნება, თუ ეს რიგითი ჩრდილოეთ კორეელის ცხოვრებაზე აისახება.

დღის ამბები