თბილისის ცენტრში მიმდინარე მსვლელობას და გაუქმებულ აქციას, რომლის მიზანიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იყო, საქართველოს პარლამენტშიც ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი მოქალაქეებისათვის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს და მოქალაქეების ჯგუფს აქვს სრული უფლება შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების. სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა. ეს ვერ მოახდინა დღეს საქართველოს სახელმწიფომ, რითაც დაარღვია მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ხელისუფლებას აკრიტიკებს „ევროპული საქართველოც.“ ოთარ კახიძის განცხადებით მოძალადე ჯგუფისგან სახელმწიფომ ვერ შეძლო დაეცვა ლგბტ პირები, რომლებსაც არ მიეცათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება.
„მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ძალადობისკენ მომწოდებელი პირები დაეკავებინა ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი კონსტიტუციური აქციის მონაწილეები. ამ პირობებში გასაგებია ლგბტ საზოგადეობის წუხილი, რომ მათ არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.