19 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
ნეონაცისტური, ნაცისტური და შოვინისტური აგრესიული დაჯგუფებების უკან რუსული ფული და ოკუპანტი ქვეყნის ინტერსები დგას - TI

ნეონაცისტური, ნაცისტური და შოვინისტური აგრესიული დაჯგუფებების უკან რუსული ფული და ოკუპანტი ქვეყნის ინტერსები დგას - ეს დასკვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დეტალურად გაანალიზა ყველა იმ ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და აქტივისტების კავშირები, რომლებიც დღეს ღიად ქადაგებენ სიძულვილს, აღვივებენ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩადიან აგრესიულ ქმედებებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ რუსეთი მსგავსი მეთოდებით მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც.

„ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის, რომ ისინი წინააღმდეგი არიან კონკრეტული ლიბერალური ღირებულებების და მოსაზრებების, რაც არის ზუსტად, რუსეთის სახელმწიფოს ინტერესი, რომ ითამაშონ იმ ადამიანების გრძნობებით, რომლებსაც აქვთ გარკვეული შიშები სიახლეებთან მიმართებაში,“ - განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, რუსეთის აღნიშნულ ქმედებებს სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს და მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს როლი საკმაოდ დიდია.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი აქ არის ძალიან დიდი და სახელმწიფო არ არის ეფექტური ამ შემთხვევაში, ძალიან თვალშისაცემია ისიც, რომ ამ ჯგუფების აქციებზე ყოფილი თანამდებობის პირებიც გამოდიან და მათ შორის, ყოფილი დეპუტატებიც,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კვლევაში დიმიტრი ლორთქიფანიძის მაგალითიცაა მოყვანილი. მან ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ის გახდა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრი გორჩაკოვის სახელობის ფონდის მიერაა დაფუძნებული, ფონდი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეიქმნა.

ამ მაგალითის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი საზოგადოებრივი ჯგუფების კვალი რუსეთამდე მიდის. აღნიშნული ჯგუფები კი ლიბერალური საზოგადოების წინააღმდეგ გამოდიან.

დღის ამბები