მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
ადგილზე, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები უნდა იკრიბებიან. ისინი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური კოორდინაცია ჰქონდა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დღევანდელი აქციის ორგანიზებაში. ამ წუთებამდეც, ორგანიზატორთა იმ ნაწილთან, რომლებიც დღევანდელ აქციაში ამ ტერიტორიაზე იღებენ მონაწილეობას, ასევე შენარჩუნებულია ეს კოორდინაცია.
"ასევე, ჩვენ კოორდინაციაში ვართ აქციის იმ ორგანიზატორებთან, რომლებმაც გადაიფიქრეს დღეს აღნიშნულ აქციაზე მოსვლა თუმცა ეს აქცია ჩაანაცვლეს სხვა ღონისძიებებით, რომლებიც დაახლოებით 7 ლოკაციაზე იმართება თბილისის მასშტაბით.
"ყველა ამ ადგილზე, თავისთავად ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მობილიზებული. მინდა გითხრათ, რომ იმ ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ყველა ღონისძიებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელები ნებისმიერ მიმსვლელს ამოწმებენ, მედიის წარმომადგენლებსაც კი. ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მხოლოდ პრესკარტის წარდგენის შემდეგ აქვთ.
ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ აქციის გარდა, პარალელურად აქცია იმართება პარლამენტთანაც. აქციის ორგანიზატორი ე.წ. "ქართული მარში" და "ქართული იდეის" წევრები არიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველ ორგანიზაციებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.