19 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი და დაკავებები რუსთაველის გამზირზე - 17-მა მაისმა ამჯერადაც ხმაურის ფონზე ჩაიარა

რუსთაველის გამზირზე, 17-მა მაისმა ჩხუბისა და დაკავებების გარეშე ვერ ჩაიარა. „ქართული იდეის“ აქტივისტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, დაპირისპირება კი „ქართული მარშის“ ლიდერის, რამაზ გაგნიძის დაკავების შემდეგ დაიწყო.

„ქართული მარშის“ ლიდერი პოლიციამ მოულოდნელად, დაპირისპირების დაწყებამდე აიყვანა. პოლიციას მარშის ლიდერისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავს.

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში პოლიციამ რადიკალთა აქციის 36 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, ხუთი ლიდერი კი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში სულ 41 პირი იმყოფება. ხუდადოვის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი მარშის ლიდერი გია კორკოტაშვილი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი, მარშის ერთ-ერთი წევრი გიორგი გაბედავა.

რადიკალთა საპროტესტო აქციის წევრების დაკავებას დღეს სასულიერო პირების პროტესტი მოჰყვა. ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზმა სამართალდამცველებს დაკავებულთა გათავისუფლება მოსთხოვა.

სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად, სამართალდამცველებს აქტივისტების დაკავება არ შეუწყვეტიათ. რადიკალთა რამდენიმე წევრი პოლიციამ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან დააკავა. აქციის მონაწილეები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი რუსთაველის გამზირიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაადგილებას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, დროებით, ფუნქციონირება შეწყვიტა მეტრო სადგურმა "თავისუფლების მოედანმა".

დღის ამბები