16 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
ლითონის სამმეტრიანი კონსტრუქციებით შემოღობილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე მაინც აღინიშნა

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე მაინც აღინიშნა. ოფიციალურად აქცია ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ გუშინ გააუქმეს, თუმცა დღეს ხალხი ინგოროყვას ქუჩაზე მაინც მივიდა. თავდასხმის თავიდან ასაცილებლად აქცია ლითონის სამმეტრიანი კონსტრუქციებით შემოღობეს. ჩაკეტეს მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელი ყველა გზა. მობილიზებული იყო პოლიცია.  

აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს თავს დაესხნენ და მას მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს ექიმების დახმარება დასჭირდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილები სამართალდამცველებმა ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს ტერიტორიიდან.

აქციის მონაწილეები ჰომოფობიას და ტრანსფობიას აპროტესტებდნენ.

„ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მეთოდით ებრძოლოს სამოქალაქო აქტივიზმს, ცდილობს, ჩაახშოს ის სულისკვეთება, რაც არის, ცდილობს, წაგვართვას სივრცეები ჭკვიანური ხერხებით, სიძულვილის გაძლიერებისა და პანიკის დათესვის გზით. ჩვენ ამ თამაშს არ უნდა წამოვეგოთ,“- განაცხადა აქტივისტმა, ანი სუბელიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, აუცილებელია, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდებოდეს.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საკუთარი აზრის გამოხატვა უნდა იყოს არაძალადობრივი, რაც ბოლო პერიოდში ნეონაცისტური ჯგუფების მხრიდან დაფიქსირდა.

მთავრობის ადმინისტრაციაზე ჰომოფობია და ტრანსფობია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემაც გააპროტესტა.

აქციაზე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ნინო ლომჯარიას მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს.

„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ადამიანის გამოხატვის უფლების დაცვა და შეკრების თავისუფლება. სამწუხაროდ, ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისს თუ გავიხსენებთ წინა წლების გამოცდილებას, ხშირად ამ დღეს ხდებიან ძალადობის მსხვერპლი,“- განაცხადა ომბუდსმენის მოადგილემ, ეკა სხილაძემ.

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციის თქმით, სახელმწიფო ვერ ახერხებს, რომ ყველა ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

„ხელოვნურად მობილიზებულია ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფები, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა ისჯებოდნენ. ხელოვნურად არის სახელმწიფოს ხელდასმით ის, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.

„დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ფაშისტების მეშვეობით გადაწყვიტა, შეზღუდოს თავისუფლება ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში. ამას თუ ჩვენ დავუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდებათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ მოძალადეებს ძალადობის უფლება არ მისცეს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე იმყოფებოდა „პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დამფუძნებელი, ზურა ჯაფარიძე.

„წინ გვაქვს დიდი ომი ადამიანების ტვინებში, ბევრ  ადამიანს უნდა ვუხსნათ და ველაპარაკოთ, რომ ეს ომი მოვიგოთ და გავაგებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში ჰომოფობია და ტრანსფობია ძალიან ტეხავს,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

დედაქალაქში გამართულ აქციებთან დაკავშირებით განმარტება შსს-ში გაკეთდა. შს მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

დღის ამბები