10 დეკემბერი 2018,   14:01
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რუსეთში - მოსკოვი თბილისს ოკუპაციის კანონის გაუქმებას სთხოვს 

მოსკოვი თბილისს ოკუპაციის კანონის გაუქმებას ისევ სთხოვს. რუსეთის სათათბიროში დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, ნატო ჩხეიძემ, ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართეს. 

ცხინვალის ციხეში ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ეს პარლამენტის წევრების პირველი ვიზიტი იყო, თუმცა არც ადა მარშანაის და არც ალიანსის სხვა წევრებს ტატუნაშვილის გვარი არც კი უხსენებიათ.

„პატრიოტმა ალიანსის“ წევრებმა რუს დეპუტატებთან შეხვედრის დროს საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტიც დაგმეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლასა და საფლავების მონახულებაზე ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული საკითხები და ამოცანები, რომლებიც განვიხილეთ. ისინი უკავშირდება საფლავების მონახულებას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ტერიტორიაზეც. მაგრამ ამას ხელს არ უწყობს საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია. ალბათ, ისინი ელოდებიან, ისევე, როგორც ზოგიერთები უკრაინაში, მიუერთდნენ თუ არა ამა თუ იმ სანქციების სიას. რამდენადაც ვიცი, საქართველოში უკვე მოამზადეს მორიგი ანტირუსული სანქციების სია. ამას ხელს არ უწყობს არც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი,“ - აცხადებს ლეონიდ კალაშნიკოვი.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, რუსეთთან დიალოგი უალტერნატივოა. ადა მარშანიას თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კურსი აქვს აღებული.

„რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო. სამწუხაროა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია რუსი დიპლომატის გაძევების წინააღმდეგი იყო, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც მძიმე ვითარებას. მით უმეტეს, რომ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ორმაგი აგენტის მოწამვლის შესახებ ჩვენ ვერ ვხედავთ," - განაცხადა ადა მარშანიამ.

ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელი პარლამენტარებისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტის წევრებთან ურთიერთობა ერთი ნაბიჯით წინაა.

„სასიხარულოა, რომ ქართველ პარლამენტარებთან ჩვენი ურთიერთობა ერთი ნაბიჯით წინაა, ვიდრე უკრაინელ დეპუტატებთან. სამწუხაროდ, მათ რუს პარლამენტარებთან კონტაქტის ეშინიათ, რადგან შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ გარკვეული სახის მუშაობისთვის ბრალი დასდონ,“ - აცხადებს კალაშნიკო.

დღის ამბები