25 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
პარლამენტში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან - კანონმდებლების კითხვებს შს მინისტრი უპასუხებს 

პარლამენტში მორიგი მწვავე დებატებისთვის ემზადებიან. 12 მაისის სპეცოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

რა საჭიროება იყო ტურისტებით სავსე ღამის კლუბებში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის და გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა ძალას - ეს არის მთავარი კითხვები, რომლებსაც ოპოზიცია მინისტრს დაუსვამს. ოპოზიცია ინფორმაციას ნეონაცისტური ჯგუფის წევრების შესახებაც ითხოვს.

„გვაქვს შეკითხვები იმ სპეცოპერაციებთან, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას და უმრავლესობამ ეს ინიციატივა ჩააგდო. შინაგან საქმეთა მინისტრს დავუსვამთ შეკითხვებს, როგორც ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როდესაც ძალადობრივი ნეოფაშისტური ჯგუფებისგან ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო ვერ იცავს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის ინტერესს ქვეყანაში ნარკოტიკის შემოტანის საკითხიც წარმოადგენს.  

„რა პასუხები აქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ ე.წ. შემწყნარებელი პოლიტიკის შესახებ ბატონ გახარიას და რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ნარკომომხმარებლების მიმართ, რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი არ აკონკრეტებენ ექნებათ თუ არა გიორგი გახარიასთან შეკითხვები მათაც. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ დღეს სესიაზე მინისტრის ანგარიშს მოისმენენ.

„შეგვიძლია მოვუსმინოთ მინისტრს, მოვისმინოთ ანგარიში იმ რეფორმებისა და ხედვის თაობაზე, რომელსაც ახორციელებს შს სამინისტრო ბოლო პერიოდში და ასევე ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რომელიც ეხება ბოლო პერიოდის სპეცოპერაციებს,“-ამბობს ეკა ბესელია.

დღის ამბები