საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ კურტის სკაპაროტს შეხვდა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადებით, დღეს ოფიციალურად იხსნება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რაც ისტორიული ეპოქალური ეტაპია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, როდესაც საქართველო ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე გადადის.
"ამ პროცესში გვერდით გვიდგანან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ეს პროგრამა მოიაზრებს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ასევე, არაპირდაპირ ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ჰარმონიზაციის პროცესი ნატო -ს სტადარტებთან კიდევ უფრო სიღრმისეულად", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.