20 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
რუსული საფრთხეები და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი - ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლე "კურიერთან" საუბრობს

საერთაშორისო თანამეგობრობა კრემლის რეჟიმის საფრთხის წინააღმდეგ კონსოლიდირებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. ამისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი არც ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა და არც 2008 წლის აგვისტოს ომი - ამ თემებზე დღეს „კურიერთან“ ინტერვიუში ლონდონში მოწამლული და მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლემ, მარინა ლიტვინენკომ ისაუბრა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცრის მეუღლემ დღეს განაცხადა, რომ აუცილებელია მწვავე, პერსონალური სანქციები მოსკოვის დღევანდელი რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად.

მან თქვა, რომ განსხვავებით სკრიპალის საქმისგან, როდესაც მთელი დასავლეთი გაერთიანდა, მისი მეუღლის მკვლელობის დროს მსგავსი ვითარება არ იყო.

"დღეს შევეცადე ქრონოლოგიურად მივყოლოდი იმ მომენტებს, რომლითაც საერთაშორისო გაერთიანება უნდა მიხვდეს, ვისთან აქვს საქმე. 1998 წელს საშა მარტო იყო და მხოლოდ რამდენიმე თავის კოლეგასთან ერთად აკეთებდა გამაფრთხილებელ განცხადებებს, რომ “FSB”-ს კორუმპირებულ, დანაშაულებრივ ორგანიზაციად ყალიბდებოდა. 2000 წელს ეს ორგანიზაცია რუსეთის სახელმწიფოს სათავეში მოექცა. 2003 წელს ვნახეთ თავდასხმა ბიზნესზე, როდესაც ხოდორკოვსკი დააპატიმრეს და “იუოკოსი” წაართვეს. 2006 წელს ჩემი ქმარი მოკლეს. 2008 წელს იყო საქართველო. კიდევ რამდენი რამ უნდა მომხდარიყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ბოლოს და ბოლოს გაეცნობიერებინა გაერთიანების აუცილებლობა ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად,"-განაცხადა მარინა ლიტვინენკომ.

სუკის ყოფილი მაიორი იური შვეცი, რომელიც ორ წელს სადაზვერვო საქმიანობას ვაშინგტონში ეწეოდა და რუსეთიდან გამოქცევის შემდეგ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამბობს, რომ პუტინის აგრესიულ ქმედებებს მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს.

ექსპერტების თქმით, უნდა არსებობდეს გეგმა, თუ როგორი იქნება მორიგ აგრესიაზე დაუყოვნებლივ გაცემული პასუხი.

დღის ამბები