„კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.
გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ არასერიოზულს უწოდებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ შეხვედრის წინაპირობა და ხელსაყრელი ვითარება არ არსებობს.
„მივედით იქამდე, რომ ეს ჰაერში გასროლილი არასერიოზული გამონათქვამი კარასინმაც შეაფასა. თუმცა, სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება, ვითომ მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება და არასერიოზული, ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს ყურადღება, მაინც და მაინც, არ იყო საჭირო ამ განცხადების გაკეთება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრას მომზადება სჭირდება.
გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ინიციატივაზე ორი დღის წინ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც "ძერჟავის" ლიდერი.