20 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
პრინც ჰარის ბეჭედი პლატინის, მეგანის კი ოქროსია - სამეფო ქორწილის დეტალები

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრის, პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია იწყება.

ჯვრისწერის ცერემონიას 600 სტუმარი ესწრება. ქუჩებში კი 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული.

პირველ სტუმრებს შორის, ვინც უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მივიდნენ, იყვნენ ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერალი ჯეიმს ბლანტი, ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯორჯ და ამალ კლუნები, ელტონ ჯონი და ასევე ქეით მიდლტონის ოჯახის წევრები.

პოლიტიკოსები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ცერემონიაზე არ მიუწვევიათ.

რაც შეეხება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ბეჭდებს, ჰარის ბეჭედი პლატინის, მეგანის კი ოქროსია. ის პრინცი ჰარის რჩეულს პირადად დედოფალმა აჩუქა.

წყვილს ჯვრისწერის ცერემონიაზე სულ 10 ხელისმომკიდე ჰყავს, მათ შორის, არიან პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროსი შვლები, 5 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტი.

დამხმარეების ასაკი 8 წელს არ აღემატება, ყველაზე პატარა კი ჰარის ორი წლის ნათლულია, რომელიც დედოფლის მრჩევლის შვილია. მეგან მარკის ხელისმომკიდეებს შორის მისი საუკეთესო მეგობრის 4 წლის შვილიცაა. ჰარის კი დახმარებას მისი მასწავლებლის შვილიც უწევს. კენსინგტონის სასახლის ცნობით, მეგან მარკლს ერთი გამორჩეული მეჯვარე არ ჰყავს, რადგან მას მეგობრებს შორის არჩევანის გაკეთება არ სურდა.

მე-15-ე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც ჯვრისწერის ცერემონია მიმდინარეობს, სეზონური ყვავილებით არის გაფორმებული.

ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ ახლადდაქორწინებული წყვილი ეტლით უინძორის უძველეს ქუჩებში სამხედროების თანხლებით გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაბრუნდებიან.

ჯვრისწერაზე მიწვეული 600-ვე სტუმარი წმინდა გიორგის სახელობის დარბაზში დედოფლის მიერ ორგანიზებულ მიღებასაც დაესწრებიან.

ცნობილია, რომ მიღების დროს მეგან მარკლი სამეფო პატარძლების ტრადიციას დაარღვევს და სიტყვით გამოვა.

დღის ბოლოს წყვილი დაქორწინებას ახლო მეგობრების წრეში აღნიშნავს. დახურულ წვეულებას, რომელსაც პრინცი ჩარლზი მასპინძლობს, 200 ადამიანი დაესწრება. ქორწილის ხარჯებს მთლიანად სამეფო ოჯახი ანაზღაურებს.

დღის ამბები