19 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალური დეტალები - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორის ყოფილ მეუღლესთან

ექვსი წელი და რვა თვეა, რაც ბარბარე რაფალიანცის დედა ელოდება პასუხს, ვინ ჩააგდო წყლით სავსე ქვევრში 10 თვის ჩვილი. რაფალიანცის საქმე უკვე წლებია, პროკურატურის თაროზეა შემოდებული. მოკლული ჩვილის დედა დღესაც დარწმუნებულია, რომ ბავშვი პოლიტიკურ თამაშებს შესწირეს.

ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ კურიერისთვის სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი მეუღლე პირველად ყვება, თუ როგორ აპირებდა მთავარი საგამოძიებო უწყება, ბარბარე რაფალიანცის საქმე ოპოზიციის წინააღდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოეყენებინა.

რივერა ბენდელიანი ვინაობას არ მალავს, თუმცა კურიერს ინტერვიუ იმ პირობით მისცა, რომ რუსთავი2 სახეს დაუფარავდა.  

ბენდელიანი ყვება, რომ რაფალიანცის საქმის გაყალბების ისტორია მთავარი პროკურორის კაბინეტში დაიწყო. მის ცოლს კი, როგორც გახმაურებული საქმეების პროკურორს, დოკუმენტაცია არაოფიციალურად გადასცეს და დაავალეს, რომ საქმე შეეკერა.

მისი თქმით, 10 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე პროკურორმა მილენა მითაიშვილმა სახლში მიიტანა და მეუღლეს უყვებოდა, როგორ უნდა წარედგინათ ბრალი ნაციონალური მოძრაობის გურჯაანიის მაჟორიტარი დეპუტატების მაშინდელი კანდიდატისთვის, გიორგი ღვინიაშვილისთვის.

ბენდელიანი ამბობს, რომ სქემის მიხედვით, პროკურატურას გარდაცვლილი ჩვილის დედაზე ზეწოლა უნდა მოეხდინა, რომელიც ხელს გიორგი ღვინიაშვილს დაადებდა.

რივერა ბენდელიანის მონათხრობიდან ირკვევა, რომ, თუ რაფალიანცის დედა პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდა, მაშინ მას საგამოძიებო უწყება დაემუქრებოდა, რომ შვილის მკვლელობის ბრალდებით მას ციხეში ჩასვამდნენ,

რაფალიანცის დედამ დაადასტურა, რომ სამართალდამცველები შვილის მკვლელობის აღიარებას მისგან მართლაც ითხოვდნენ.

ბენდელიანი ამბობს, რომ რაფალიანცის საქმეზე კიდევ უფრო მეტი იცის და ამიტომ სასამართლოს სთხოვს, რომ დაკითხოს.  

ყოფილი ქმრის ბრალდებებზე მილენა მითაიშვილი კომენტარს არ აკეთებს. მან კურიერს მხოლოდ ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც წერს, რომ რაფალიანცის საქმის პროკურორი ის არ ყოფილა და რივერა ბენდელიანის ბრალდებები გამოგონილია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კურიერს დაუდასტურა, რომ მილენა მითაიშვილი  რაფალიანცის საქმეს ნამდვილად ზედამხედველობდა, თუმცა, პროკურორის ოჯახის წევრის ბრალდებას, რომ ის საქმის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, უწყებაში უარყოფენ.

გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, რომ უკვე 6 წელია, ბარბარე რაფალიანცის საქმე ხელისუფლების ხელში ტაბელური იარაღია და მას ოპოზიციის განეიტრალებისთვის იყენებს.

 

დღის ამბები