20 აპრილი 2024,   00:21
ვრცლად
აშშ-ს საელჩოს განცხადება - პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაზე, ოპოზიცია კი პრობლემებზე საუბრობს 

საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებასაც, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეა საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში სწორედ იმ პრინციპებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლის მიხედვითაც რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ხელმძღვანელობს.

„ამ განცხადებაში არის ასახული ის პრინციპები, რომლითაც ვმუშაობთ ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში და ამ პრინციპების შესაბამისად მზადდება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპები, საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებით მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია კი საელჩოს განცხადებას, ქართული ხელისუფლებისადმი გამაფრთხილებელ სიგნალად აღიქვამს.  ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საელჩოს განცხადება ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემა სასწრაფოდ ცვლილებას საჭიროებს.

„ქვეყანას არ აქვს სასამართლო. ეს გახდა უკვე არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მახინჯი ნაწილი. ეს გამოვლინდა მრავალ ქმედებაში, პირველ რიგში თუნდაც „რუსთავი2“-თან მიმართებაში. სისტემა არის ძირმომპალი და მას სჭირდება რადიკალური რეფორმირება,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებისა და არაფორმალური მმართველობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები