25 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება - სამუშაო ჯგუფის წევრები ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ 

მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება - ძირითადი პრინციპები შეთანხმებულია, თუმცა დეტალები მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, დეპუტატები, უზენაესი საბჭოს წევრები, იურისტები სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჯგუფი კანონის შემუშავებისას საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

„ყველას ამოძრავებს საერთო მიზანი, როგორ უნდა იყოს მკაფიოდ და ნათლად გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვეფუძნებით საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას და შესაბამისად საბოლოოდ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც იქნება შეჯერებული, ერთობლივი ნააზრევის შედეგი,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

კანონის მნიშვნელობას განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. სამოქალაქო სექტორში დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.

„უნდა განისაზღვროს მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც ის მართლმსაჯულებას ახორციელებს, რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს პასუხისმგებლობა. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, დამოუკიდებელ ინსპექტორს ჰქონდეს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან იმისთვის, რომ მან სრულყოფილად განახორციელოს თავისი ფუნქცია, რაც არის სასამართლო სისტემაში ანგარიშვალდებულების ამაღლება,“-აცხადებს კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრი გიორგი ბერაია.

დღის ამბები