24 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - შაბათს დაკავებული ლევან რეხვიაშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გამო, შაბათს დაკავებული ლევან რეხვიაშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ბრალი ხულიგნობისა და მუქარის მუხლით აქვს წაყენებული.

დაცვის მხარე მის გათავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოსა და ნახევარ მილიონად შეფასებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით ითხოვდა იქამდე, ვიდრე ძიება არ დასრულდება. თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ბრალდებულმა ლევან რეხვიაშვილმა სასამართლომ სხდომაზე განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის დროს ერთადერთი მოტივი ამოძრავებდა. მას საკუთარი ძმის დაცვა სურდა, რომელსაც გარკვეული ადამიანები სასტიკად უსწორდებოდა. რეხვიაშვილი ამბობს, რომ იარაღიდან მხოლოდ იმ მოტივით გაისროლა, რომ ეს მოძალადე ადამიანები დაეშინებინა.

გარდა ამისა, ბრალდებული ამბობს, რომ ის დიდი ხანია სარგებლობს იარაღის ტარების უფლებით.

„სანადირო იარაღები მაქვს, ტარების უფლებით მაქვს, კანონით. რაც შეეხება იმ დღეს, როცა ეს იარაღი გამოვიყენე, ეს განაპირობა, რომ დამეცვა ჩემი ძმის სიცოცხლე,“ - ამბობს რეხვიაშვილი.

ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„უშუალოდ იმ ინციდენტის დროს, მოტივი, ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ თავის ძმა, რომელიც ეგდო ძირს და ვიღაც პიროვნება ურტყამდა მას, ფატალური შედეგით ეს ჩხუბი არ დამთავრებულიყო. მხოლოდ ამას ემსახურებოდა. ამას შემდგომ უკვე გამოძიების პროცესში დავადასტურებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ და-ძმა ვახანიებსა და ძმებ რეხვიაშვილებს შორის დაპირისპირება საავტომობილო გზის დათმობის მოთხოვნით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვახანიებმა გაავრცელეს.

დღის ამბები