ოკუპანტების მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების მიერ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
სახელმწიფო მინისტრი კომუნიკაციის ნაკლებობას უარყოფს და ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელის მომზადების შესახებ მთავრობის წევრების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა და ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს ინფორმაცია ამ ფორმით უნდა მიეღოთ.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემას, ციხელაშვილის თქმით, ტატუნაშვილის მშობლებს ექსპერტთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
„სახელმწიფოთშორის სარჩელზე, უშუალოდ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ამაზე განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომაც და ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ ძალიან ადრეულ ფაზაზე.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა. ყველა ინფორმაცია რაც ადგილზე ხდებოდა, მათ შორის ექსპერტების პირველადი შეფასებები, ცხადია ოჯახისთვის თავიდანვე გახდა ცნობილი,“-ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. არ არის გამორიცხული ტატუნაშვილებმა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს სარჩელით მიმართონ.
„ვიმედოვნებდი, რომ სახელმწიფო უწყებები უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში იყვნენ დაზარალებულის ოჯახთან. თუ გამოძიება არაეფექტიანად და სათანადო გულმოდგინებით არ წარიმართა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი შევიტანოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანმა.