23 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომი - სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე კონსულტაციებს მართავს

ერთი დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ხვალ ევროპული სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ბოლო ზეპირ მოსმენას გამართავს.

ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები საგანგებო თათბირს მართავენ, სადაც იმ მტკიცებულებებს განიხილავენ, რომლითაც აგვისტოს ომის დროს ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დგინდება.

საქართველოს სახელმწიფოს ორი ბრიტანელი ადვოკატი ჰყავს, რომლებიც ევროსასამართლოში ხვალ სიტყვით წარდგებიან.

ხვალ დიდი პალატის წინაშე მოსმენა გაიმართება, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ედავება ევროპული კონვენციის 8 მუხლზე, სადაც ყველაზე ძირითადი არის მეორე, მესამე და მეხუთე, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფას, ასევე, არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.

საქართველოს მხარეს, როგორც ადვოკატები აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლოსთვის 700-ზე მეტი ნივთმტკიცებულება აქვს წარდგენილი.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება რუსეთის მხრიდან გორში ბალისტიკური იარაღის გამოყენების ფაქტი.

„ეს ხდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მხარეს ცალმხრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები, შესაბამისად, თვითონ მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, დაწყებული თვითონ აფეთქების მომენტით, გადაღებულია უშუალოდ აფეთქების მომენტი და შემდეგ გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტის დასკვნით, რომ ეს იყო არა მხოლოდ „ისკანდერი“, არამედ ეს იყო „ისკანდერი“, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო განკუთვნილი,“ - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა.

ევროსასამართლოსთვის ეს საქმე პრეცედენტულია. საქმის განხილვა თბილისის დროით ხვალ 11:00 საათისთვის დაიწყება.

ხვალ გადაწყვეტილება არ იქნება გაცხადებული და როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე შესაძლოა, რომ დიდმა პალატამ საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჯაროვოს.

დღის ამბები