ხვალ 11 საათიდან ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ამის შესახებ ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა. ძიუდოისტები სპორტსმენებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც სჭირდება გუნდს, ის, რაც აუცილებელია გუნდისთვის, რათა შედეგები იყოს. გუნდი არის უკიდურესად ცუდ პოზიციაში იმიტომ, რომ შედეგი ნულია. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ფედერაცია სწორად არ მუშაობს. არ არის დასახული მიზანი შედეგისთვის. მხოლოდ სპორტსმენები იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი სიმართლის დამტკიცება გვინდა,“- განაცხადა ადამ ოქრუაშვილმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სკამის და კაბინეტის გარეშე დარჩა. სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს. გადაგდებულ სკამს ახალი პატრონი გამოუჩნდა. ის მოქალაქემ წაიღო.