20 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულებულია. ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი, რომელმაც დანაშაული ჯერ აღიარა, მოგვიანებით კი დუმილის უფლებით სარგებლობა გადაწყვიტა, ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

შეყვარებულის განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გრიგალაშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდა. მას გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარასაც ედავება.

პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოზე მტკიცებულებები წარადგინა.

„ჩვენ გონივრული ვადა მოგვეცა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ დაცვის მხარის ამ შუამდგომლობებს. გამოძალვის ნაწილში ვგულისხმობთ ჩვენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით ფულადი თანხის გამოძალვას," - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. 

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს მათ პოზიციებს.

ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი, ვარაუდობს, რომ ადვოკატის აყვანის შემდეგ არჩია დაკავებულმა დუმილის უფლებით სარგებლობა. მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, ლადო გრიგალაშვილი მასთან ერთად ეძებდა ანა ნაცვლიშვილს.

ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს გამთენიისას მამამ ყელგამოჭრილი  იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან, ნახეს.

დღის ამბები