18 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
ჩვენს მხარეს არის არა მხოლოდ სიმართლე, არამედ მყარი მტკიცებულებები - ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები

"ჩვენს მხარეს არის არა მხოლოდ სიმართლე, არამედ მყარი მტკიცებულებები," - ასე აფასებენ აგვისტოს ომის შესახებ ევროსასამართლოში მიმდინარე საქმეს საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს საელჩოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და საქართველოს სახელმწიფო ადვოკატებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ბრიტანელმა ადვოკატმა გააკეთა.

საქართველოს სახელმწიფო ადვოკატი, ბენ ემერსონი, ამბობს, რომ ეს პროცესი ისტორიული იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად სტრასბურგის სასამართლოსთვის, რადგან ეს საქმე პრეცენდენტულია. 

„ხვალინდელი მოსმენა ისტორიულია საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად ევროსასამართლოსთვის. ოფიციალურად, სასამართლო პირველად მოისმენს ურთიერთსაპირისპირო ისტორიებს. იმედი მაქვს, რომ ზუსტად იქნება ასახული ის, რაც სინამდვილეში მოხდა და რაც ახლაც ხდება - რუსეთის აგრესიული ქმედებები და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს საქმე დიდი გამოწვევაა ევროსასამართლოსთვისაც, რადგან პირველად მოიწვიეს სახელმწოფოთა შორის კონფლიქტის დროს მასშტაბური და სერიოზული დარღვევების განსახილველად,“ - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო ადვოკატი, ბენ ემერსონი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე, აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ დაფიქსირებულმა პოზიციამ საბოლოო შედეგი უნდა მოიტანოს.

„ერთობლიობაში, იმ მტკიცებულებებთან ერთად, რაც ვახსენე, ეს არის სარადარო დინამიური მონაცემები, სადაც თითქმის უწყვეტად ჩაწერილია 8-დან 12-მდე, რომელიც მიუთითებს და ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლი საქართველოს საჰაერო სივრცეში,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ქართული მხარე ამბობს, რომ მტკიცებულებები სერიოზულია, მათ შორის, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა და ასევე, რუსეთის მიერ გორში აფეთქებული ისკანდერის ფრაგმენტები.

ისკანდერი რუსებმა გორში 12 აგვისტოს ააფეთქეს, როდესაც უკვე მიღწეული იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ხვალ, დილით, ევროსასამართლოში თბილისის დროით, 11:25 წუთზე, მოსმენა დაიწყება. დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენლები გამოვლენ, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის საშუალება მოპასუხე მხარეს მიეცემა.

იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლეებს კითხვები ექნებათ, გათვალისწინებულია კითხვა-პასუხის ფორმატიც. პროცედურების დასრულების შემდეგ კი დიდი პალატის მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავლენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები