25 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
ძაღლს მძღოლმა მანქანით გადაუარა - ცხოველთა უფლებების დამცველები დამნაშავის დასჯას ითხოვენ

ავლაბარში, ლაგოდეხის ქუჩაზე, ძაღლს მძღოლმა მანქანით გადაუარა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იმ ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ცხოველთა უფლებების დამცველები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ, რომელიც მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია.

ამ წუთებში კი აქციის მონაწილეები უკვე პროკურატურასთან იმყოფებიან და შოთაძის უწყებაში განაცხადება შეიტანეს. ისინი ითხოვენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და მანქანის მძღოლი დაისაჯოს.  

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, თამაზ ელიზბარაშვილი, ამბობს, რომ ლაგოდეხის ქუჩაზე მცხოვრებ უფლებადამცველს, დიანა სარალიძეს, ემუქრებოდნენ და ეს ფაქტი მისი დაშინების მცდელობა იყო.

„ლაგოდეხის ქუჩაზე ცხოვრობს ქალბატონი დიანა სარალიძე, რომელზეც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის მუქარა, განსაკუთრებით მოძალადე მამაკაცების ჯგუფის მხრიდან, მეზობლების მხრიდან. ეს მუქარა რეალურად რომ აღექვა ქალბატონ დიანა სარალიძეს, ძაღლის მოკვლით დაემუქრნენ, რომელიც ამ ქალბატონზე იყო მიკედლებული. გუშინ ეს შეასრულეს, მოუკლეს ძაღლი. შემოვიტანე სარჩელი, სადაც მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნას ძაღლის მკვლელობა სსსკ-ის 253-ე მუხლის მიხედვით. ის მუქარა, რაც არის დიანა სარალიძეზე, დაიცვას სახელმწიფომ ეს ქალბატონი, თორემ ხვალ ჩვენ გვექნება მორიგი ახალგაზრდა ქალბატონი მოკლული,“ - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი შსს-ს თანამშრომელი არ არის, ის იდენტიფიცირებულია და დაკითხვაზე იმყოფება. 

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები