20 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა - საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა დაიწყო. პარტია საქართველოს რეგიონებში ტარიფების მკვეთრ ზრდას აპროტესტებს.

დღეს პირველი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. სამართლებრივ დავაში მოპასუხე მხარე ენერგო პრო და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა.

ლეიბორისტული პარტიაში მიაჩნიათ, რომ ტარიფის ზრდა უკანონოდ მოხდა. ისინი საქმეში ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, აცხადებს, რომ ტარიფების ზრდა დაუსაბუთებლად და უკანონოდ მოხდა.

„გაიმართა პირველი სასამართლო სხდომა, რომელიც შეეხება ჩვენს სარჩელს, რომელიც მიმართულია დაუსაბუთებლად და უკანონოდ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდაზე, რომელიც განახორციელა ივანიშვილ-კალაძემ, რითაც გააღარიბეს მოსახლეობა და საკუთარი ანგარიშები დაზარდეს ასეულობით მილიონით. ჩვენ მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობები,“ - განაცხადა გუგავამ.

ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის, თქმით, სასამართლოში წარდგენილი ერთ-ერთი შუამდგომლობა ექსპერტების ჩართვას შეეხება, რომლებიც დაადგენენ, რამდენად საჭირო იყო ტარიფის გაზრდა.

„ამ ყველა საკითხს ადევს გრიფით საიდუმლო, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე ვერ ვეცნობით. ერთი შუამდგომლობაა, რომ ეს საიდუმლოების სტატუსი მოხსნას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები