19 აგვისტო 2018,   13:45
ვრცლად
ოქროს მაძიებლები, რომლებმაც ხვამლის მთა ტრაქტორით გადათხარეს - მომხდარს პოლიცია იძიებს

გადათხრილი ხვამლის მთა და  განადგურებული უძველესი ძეგლები - არქეოლოგები ხვამლის მთაზე იმ ვანდალური აქტის შედეგებს სწავლობენ, რაც გუშინ ამ ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ და მამაომ ტრაქტორით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა თვითნებურად გადაწყვიტეს. შედეგად კი ადრეული შუასაუკუნეების, ანუ მე-5-6 საუკუნის უძველესი ძეგლი, არტეფაქტები და სამარხები, თითქმის, მთლიანად დაანგრიეს.

ტრაქტორით ამოღებული უნიკალური ისტორიული მასალა არქეოლოგებმა ხევში გადაყრილი იპოვეს.

სპეციალისტები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა ზიანი მიაყენა თვითნებობამ ისტორიულ ძეგლს.

არსებობს ლეგენდა ამ ტერიტორიაზე ჩამარხული ოქროს ნაკეთობების შესახებ, ამიტომ  არ არის გამორიცხული, ადგილობრივების მიზანი სწორედ მათი მოძებნა ყოფილიყო.

არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეებმა კანონი დაარღვიეს. ეს კი პოლიციამ უნდა დაადგინოს.

ადგილზე უკვე იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი. მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. გამოძიება ფაქტზე უკვე დაიწყო.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები