16 ოქტომბერი 2018,   21:44
ვრცლად
ვარაზისხევის განაშენიანება დაუშვებელია და იქ დასახლებულებს მეწყერი და წყალდიდობა ემუქრებათ - სპეციალისტები საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ

მოელის თუ არა თბილისს 13 ივნისის მსგავსი კიდევ ერთი კატასტროფა - მეცნიერებმა ვარაზისხევში მიმდინარე პროცესები შეისწავლეს და საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ. მათი დასკვნით, ხეობის განაშენიანება დაუშვებელია და იქ დასახლებულებს მეწყერი და წყალდიდობა ემუქრებათ.

იმ შემთხვევაში, თუ მაისი-ივნისისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექი მოვა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სტიქიური უბედურება ამჯერად ვარაზისხეობას და მის ჭალაში მცხოვრებ ადამიანებს დაემუქროს.

თუკი, მართლაც, უხვი ნალექი მოვიდა, მოვარდნილი წყალი არა მხოლოდ ნინო ჟვანიას ქუჩას, არამედ მის ქვედა ქუჩებსაც დატბორავს და საბოლოოდ, კვლავ ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორიამდე ჩავა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხეობაში მეწყერსაშიში უბნებიც ბევრია, მათ შორის, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ეჭვი ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლებს გაუჩნდათ. დახმარებისთვის მათ თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა, დედაქალაქის მთავრობამ მათ საკმაოდ ძვირადღირებული კვლევის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა.

დასკვნა უკვე არსებობს, ახალა ადგილობრივები კახა კალაძის უწყების რეაგირებას ელოდებიან.

საფრთხის არსებობას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც ადასტურებენ. მათ კონკრეტული რეკომენდაციებით უკვე მიმართეს მერიის შესაბამის სამსახურებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. 

დღის ამბები